ლეგენდის თანახმად, რომი ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს. რომულისი და რემუსი ომის ღმერთის მარსის შვილები იყვნენ. ალბა ლონგაში მეფობდნენ ენეოსის შთამომავლები ნუმიტორი და ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.
მან შვა ორი ვაჟი, ლამაზები და ძლიერები. ამან აღაშფოთა ამულიუსი და უბრძანა მსახურს, ბავშვები ტყეში წაეყვანა და იქ დაეტოვებინა. მსახურმა ბავშვები კალათაში ჩასვა და მდინარე ტიბრის პირას დატოვა. მდინარე ადიდდა, აიტაცა კალათა და გაიტანა მდელოზე. აქ ისინი ძუ მგელმა იპოვა და გამოკვება. ბავშვების დაცვაში მას კოდალა ეხმარებოდა. კოდალა და მგელი მარსის ღვთაებრივი ცხოველები არიან.
ჩვილები ამულიუსის მწყემსმა ფაუსტულმა იპოვა და გაზარდა. ნუმიტორის მომხრეებმა იზრუნეს მათ განათლებაზე. ბიჭები ლამაზები, ღონივრები და გულადები გაიზარდნენ, მაგრამ რომულუსი მაინც უფრო ჭკვიანი და საზრიანი იყო, ყველა ხედავდა რომ იგი ძალაუფლებისთვის იყო დაბადებული.
ძმებმა თავის გარშემო ათასგვარი ხალხი შეკრიბეს, მათ შორის იყვნენ მონები, ღატაკები და ათასგვარი ავანტიურისტები. მათთან ასევე ამულეუსის ტირანიით უკმაყოფილონი იკრიბებოდნენ, ალბათ ამან უბიძგა ძმებს მეფის წინააღმდეგ აჯანყება მოეწყოთ. ამულიუსი შეიპყრეს და მოკლეს.
ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.
რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.
რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს.
ქალაქის დაფუძნების შემდეგ, რომულუსმა ლეგიონებისა და სენატის დაარსებასთან ერთად, მას ახალი მოქალაქეებიც შემატა მეზობელი საბინების ტომებისგან ქალების მოტაცებით, რამაც საბინებისა და რომაელების ერთ ხალხში აღრევა გამოიწვია. წარმატებული დაპყრობითი ომების წყალობით რომულუსმა დროთა განმავლობაში სამეფოს ვრცელი ტერიტორია და დიდი რაოდენობით ხალხი შემოუერთა.
გარდაცვალების შემდეგ რომულუსს ღმერთი ქირინუსის სტატუსი მიანიჭეს და ის რომაელი ხალხის ღვთიური განსახიერება გახდა. დღეს მას მითოლოგიურ ფიგურად მიიჩნევენ, ხოლო მისი სახელი ქალაქი რომისგან წარმოებული უნდა იყოს, რომელიც თავის მხრივ სიტყვისგან "მდინარე" უნდა მომდინარეობდეს.




No comments:
Post a Comment