Sunday, July 25, 2010

Tifosi

რატომ გულშემატკივრობენ იტალიის ნაკრებს?

ბევრი თვლის, რომ მოსაბეზრებელია.. უფრო დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშოვბენ..

ესეთი ადამიანები თვლიან რომ იტალიას მხოლოდ იმიტომ ყავს გულშემატკივარი, რომ იტალიელი ფეხბურთელები სიმპატიურები არიან.. თავს უვლიან, მოდას მიყვებიან.. უბრალოდ კარგად გამოიყურებიან მოედანზე.. ეს ისე ქვემოთ უხეში მაგალითი :)


ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეა.. მაგრამ მარტო ნაწილობრივ!!..

მოკლედ ასეა თუ ისე.. აგებს თუ იგებს.. იტალიის ნაკრებს მაინც ბევრი თაყვანისმცემელი ყავს იტალიაშიც და იტალიის გარეთაც.. და კიდევ უფრო მეტი არა-თაყვანისმცემელი იტალიის გარეთ :)

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ექვსჯერ აქვს ნათამაშები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელთაგანაც ოთხი მოიგო. (1934, 1938, 1982, 2006). მსოფლიო ჩემპიონატის თასების რაოდენობით ის მხოლოდ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩამოუვარდება.

ეს ჩემი გადაღებული სურათია ერთი ღვთისგან მივიწყებული ქალაქის, რომლის სახელიც თავად იტალიელებმაც კი არ იციან, მის სადგურთან ახლოს..

ხოლო, რაც შეეხება კლუბებს, ევროპის მასშტაბით ყველაზე წარმატებულად შეიძლება მილანი მივიჩნიოთ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ეხლა იტალიური კლუბია, კერძოდ კი მილანის ინტერი, რომელიც ასევე არის სერია ა-ს გამარჯვებულიც..

ეს კი ნიჭიერები არამარტო ფეხბურთში არამედ სიმღერაშიც.. :)

Thursday, July 22, 2010

ფესტივალები იტალიაში

იტალიაში საერთოდ იმდენი ფესტივალია ყველა რეგიონის ყველა პროვინციაში, ყოველი წლის ყოველ თვეს, რომ ძალიან გამიჭირდა ყველაზე საინტერესოების ამორჩევა. აქვე მინდა დავამატო, რომ უმრავლესობა ამ ფესტივალებისა არის დაკავშირებული საჭმელთან და სასმელთან.. რაც არ მიკვირს..:) ძირითადად არის ღვინის, ყველის, ტრუფელის, სხვადასხვა ხილის, ყვავილების და ა.შ.

ყველაზე ყველაზე ცნობილი მაინც ალბათ ვენეციის კარნავალია..

იგი დასაბამს X საუკუნიდანიდან იღებს და ყოველწლიურად, დიდი მარხვის დაწყებამდე იმართება. კარნავალის ძირითადი ატრიბუტი არის ნიღაბი, ხოლო იდეა მისი გამართვისა არის ის, რომ ამ დროს ნიღაბი ფარავს ყველანაირ სოციალური კლასს. დაახლოებით 1970-იან წლებში გადაწყვიტა იტალიის მთავრობამ დაებრუნებინა ვენეციის ისტორია და კულტურა და აღედგინა ძველი ტრადიციები. დღეისთვის კი ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარნავალია მსოფლიოში, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 30,000 ტურისტი ესწრება.


ფორთოხლებით ბრძოლა

ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ივრეაში იმართება. ამ დროს ხდება ფორთოხლებით ბრძოლა ორგანიზებული ჯგუფების მიერ. ეს არის იტალიაში ყველაზე უფრო მასიური საჭმლით ბრძოლა.

ხოლო, რაც შეეხება კარნავალის წარმოშობას, უკავშირდება კანონს, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ქალაქის თავი უნდა დაწოლილიყო ყველა ახალ პატარძალთან. მან ამას „პირველი ღამის კანონი“ უწოდა. ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ მეწისქვილის ქალიშვილი ვიოლეტა არ აჯაბნყდებოდა მის წინააღმდეგ. ვიოლეტამ ის კაბის ქვეშ დამალული ხმლით მოკლა და თავი წააცალა და ციხესიმაგრეს ცეცხლი წაუკიდა, რაც გადაიზარდა აჯანყებაში ტირანის მებრძოლების წინაღმდეგ. ისინი ძირითადად ქვებით იბრძოდნენ და გაიმარჯვეს კიდეც.

თავისუფლებისთვის ბრძოლა ფორთოხლების ბრძოლაში გადავიდა. ქვები ფორთოხლებმა შეცვალა. ყოველ წელს ირჩევენ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც განასახიერებს ვილეტას.
უფრო სახალისო რომ გახდეს, არსებობს რამდენიმე ფორთოხლის მსროლელთა გუნდი:
·
  • ეშ მაკები (Diavoli)
  • სიკვდილი (Morte)
  • ყვავი (Picche)
  • ჭადრაკი (Scacchi)
  • არდუინი (მეფის სახელი Arduini)
  • ჯარისკაცები (Mercenari )
  • მორწმუნეები (Credendari)
  • პანტერა (Pantere)



ისტორიული ფეხბურთი (ფლორენციული ფეხბურთი)

ეს არის ფეხბურთის ძველი ფორმა, რომელიც არსებობდა მე-16 საუკუნის იტალიაში. მისი წესები პირველად 1580 წელს გამოქვეყნდა. 27-კაციანი გუნდები თამაშობენ და იყენებენ, როგორც ფეხებს, ისე ხელებს. თამაში არის 50-წუთიანი. არსებობდა თავდაპირველად მხოლოდ ოთხი გუნდი: თეთრები (Bianchi), მწვანეები (Verdi), წითლები (Rossi), და ცისფრები (Azzurri ). ისინი წარმოადგენდნენ იმ დროის ფლორენციის უბნებს: სანტო სპირიტო, სან ჯოვანი, სანტა მარია ნოველა, და სანტა კროჩე.

დღეისობით ისტორიული ფეხბურთი იმართება გვიან ივნისს ან ადრე ივლისს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მოთამაშეები დღეს კვლავ ნამდვილი ძველი დროის ტანსაცმლით თამაშობენ.

ყველაზე საინტერესო კი არის პრიზი.. მოგებული გუნდი იღებს თეთრი ხბოს წონის ეკვივალენტულ სტეიკს....



ალუბლის ფესტივალი

იმართება მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში.. ქალაქ ლარიში, პიზასთან ახლოს. ფესტივალზე არის წარმოდგენილია ალუბლის ხის 19 განსხვავებული ტრადიციული ჯიში და პლიუს ამას რამდენიმე არატრადიციული. ადგილობრივი ალუბლის მწარმოებლებს ქალაქის მთავარ მოედანზე გამოაქვთ კალათებით ალუბალი და ალუბლის სხვადასხვა ნაწარმი, როგორიც არის ჯემი, ან ლიქიორი..


პალიო

პალიო, ეს არის ცხენების შეჯიბრება, რომელიც იმართება წელიწადში ორჯერ ზაფხულობით, 2 ივლისსა და 16 აგვისტოს სიენაში. ამ დროს ათი მხედარი, ჩაცმულია გნასახვავებული ფერების სამოსში და წარმოადგენენ სიენის 17 განსხვავბულ უბანს. პალიო, რომელიც იმართება 2 ივლისს ჰქვია პალიო პროვინცანო მადონა პროვინცანოს საპატივცემულოდ, რომლის ეკლესიაც არის სიენაში. ხოლო პალიოს, რომელიც იმართება აგვისტოში ჰქვია მარიამობის პალიო.

ამ დროს ხდება რბოლა კამპოს მოედნის გარშემა. მხედრებმა მას სამჯერ უნდა დაარტყან წრე, რაც როგორც წესი 90 წამზე მეტს არ გრძელდება. რბოლისას ბუნებრივია, რომ ჟოკეი შეიძლება ჩამოვარდეს ცხენიდან, თუმცა მას განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევს და რბოლა ჩვეულებრივად გრძელდება. თუმცა გამარჯვებულად ვერ ჩაითვლება ის ცხენი, რომელიც ჟოკეის გარეშე მივა ფინიშის ხაზთან.

პირველი პალიო მე-16 საუკუნეში ჩატარდა, მაგრამ ცხენის მაგიბვრად ხარებს იყენებდნენ.. შემდეგ ვირებს. თავდაპირველად მხოლოდ 2 ივლისს იმართებოდა.. შემდეგ დაემატა 16 აგვისტო.





Sunday, July 4, 2010

დანტე

შუა საუკუნეების გამოჩენილი იტალიელი მწერალი დანტე ალიგიერი ფლორენციაში დაიბადა. იტალიაში მას იცნობენ, როგორც „უზენაეს პოეტს“ (il Sommo Poeta), ან უბრალოდ პოეტს. დანტე, ბოკაჩო და ფრანჩესკო პეტრარკა, არიან ცნობილი, როგორც „სამი შადრევანი“ ან „სამი გვირგვინი“. დანტეს ასევე ეძახიან „იტალიური ენის მამას“.

ღვთაებრივი კომედია, ან უბრალოდ კომედია, რომელიც უწოდა ავტორმა და შემდგომში ჯოვანი ბოკაჩომ დაამატა მას სიტყვა ღვთაებრივი, აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებად, რომელიც შექმნილია იტალიურ ენაზე. ის არის შედევრი მსოფლიო ლიტერატურისა.
ღვთებრივი კომედია შედგება სამი ნაწილისაგან. ჯოჯოხეთი (Inferno), განსაწმენდელი (Purgatorio) და სამოთხე (Paradiso). პოემა დაწერილია პირველ პირში და მოგვითხრობს დანტეს მოგზაურობას სიკვდილის სამ სამეფოში. რომაელი პოეტი ვირჯილი უწევს მას მეგზურობას ჯოჯოხეთსა და განსაწმენდელში; ხოლო ბეატრიჩე, დანტეს შთაგონება და ცხოვრების უდიდესი სიყვარული კი სამოთხეში.

ბეატრიჩე იყო ფლორენციელი ქალი, რომელსაც დანტე ბავშვობაში შეხვდა და მისით აღტაცებული იყო. დანტე დაახლოებით 9 წლის იყო, ბეატრიჩე კი 8-ის. ბეატრიჩე ალისფერ სარტყელს ატარებდა. დანტეს ის ერთი ნახვით შეუყვარდა. მეორედ ისინი მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ შეხვდნენ ფლორენციის ერთ-ერთ ქუჩაში. ბეატრიჩეს გრძელი თეთრი კაბა ეცვა და ორ შედარებით მოხუც ქალთან ერთად მიდიოდა. დანტე სახლში დაბრუნდა, რათა ეფიქრა მასზე. ბეატრიჩეზე ფიქრებში ჩაეძინა და სიზმარი ნახა, რაც გახდა საფუძველი პოემა „ახალი ცხოვრების“ (La Vita Nuova) პირველი სონეტისა. „ახალი ცხოვრების“ მიხედვით, ისინი სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს სიცოცხლის განმავლობაში.
დანტე ბეატრიჩეს მოიხსენიაბდა, როგორც "gentilissima" და "benedetta", ანუ კეთილი და დალოცვილი. გასაკვირია, რომ დანტეს და ბეატრიჩეს შორის არ იყო სასიყვარულო ურთიერთობა. ერთხელ მას უწოდა "La gloriosa donna della mia mente" ანუ „ჩემი გონების ბრწყინვალე ქალი“.

ბეატრიჩე პორტინარი უკვდავყოფილი იყო ასევე პრერაფაელიტების მიერაც, XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისურ პოეზიასა და ფერწერაში ესთეტიურ-მისტიური მიმდინარეობის მიმდევართა გაერთიანების მიერ.

„ახალმა ცხოვრებამ“ გავლენა მოახდინა დანტე გაბრიელ როსეტის მხატვრობაზეც, განსაკუთრებით კი მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ. მან გააიდეალა ცოლის სურათი, როგორც დანტეს ბეატრიჩე მთელ რიგ ნახატებში, როგორიც არის მაგალითად „ბეატა ბეტრიქსი“.



ეს რობერტო ბენინი ღვთაებრივი კომედიის კითხვისას.. ეს კაცი გენიოსია..

Monday, June 28, 2010

ყველა გზა რომში მიდის

ლეგენდის თანახმად, რომი ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს. რომულისი და რემუსი ომის ღმერთის მარსის შვილები იყვნენ. ალბა ლონგაში მეფობდნენ ენეოსის შთამომავლები ნუმიტორი და ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.

მან შვა ორი ვაჟი, ლამაზები და ძლიერები. ამან აღაშფოთა ამულიუსი და უბრძანა მსახურს, ბავშვები ტყეში წაეყვანა და იქ დაეტოვებინა. მსახურმა ბავშვები კალათაში ჩასვა და მდინარე ტიბრის პირას დატოვა. მდინარე ადიდდა, აიტაცა კალათა და გაიტანა მდელოზე. აქ ისინი ძუ მგელმა იპოვა და გამოკვება. ბავშვების დაცვაში მას კოდალა ეხმარებოდა. კოდალა და მგელი მარსის ღვთაებრივი ცხოველები არიან.

ჩვილები ამულიუსის მწყემსმა ფაუსტულმა იპოვა და გაზარდა. ნუმიტორის მომხრეებმა იზრუნეს მათ განათლებაზე. ბიჭები ლამაზები, ღონივრები და გულადები გაიზარდნენ, მაგრამ რომულუსი მაინც უფრო ჭკვიანი და საზრიანი იყო, ყველა ხედავდა რომ იგი ძალაუფლებისთვის იყო დაბადებული.

ძმებმა თავის გარშემო ათასგვარი ხალხი შეკრიბეს, მათ შორის იყვნენ მონები, ღატაკები და ათასგვარი ავანტიურისტები. მათთან ასევე ამულეუსის ტირანიით უკმაყოფილონი იკრიბებოდნენ, ალბათ ამან უბიძგა ძმებს მეფის წინააღმდეგ აჯანყება მოეწყოთ. ამულიუსი შეიპყრეს და მოკლეს.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.

რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.

რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს.

ქალაქის დაფუძნების შემდეგ, რომულუსმა ლეგიონებისა და სენატის დაარსებასთან ერთად, მას ახალი მოქალაქეებიც შემატა მეზობელი საბინების ტომებისგან ქალების მოტაცებით, რამაც საბინებისა და რომაელების ერთ ხალხში აღრევა გამოიწვია. წარმატებული დაპყრობითი ომების წყალობით რომულუსმა დროთა განმავლობაში სამეფოს ვრცელი ტერიტორია და დიდი რაოდენობით ხალხი შემოუერთა.

გარდაცვალების შემდეგ რომულუსს ღმერთი ქირინუსის სტატუსი მიანიჭეს და ის რომაელი ხალხის ღვთიური განსახიერება გახდა. დღეს მას მითოლოგიურ ფიგურად მიიჩნევენ, ხოლო მისი სახელი ქალაქი რომისგან წარმოებული უნდა იყოს, რომელიც თავის მხრივ სიტყვისგან "მდინარე" უნდა მომდინარეობდეს.